ჩვენ შესახებ
2006 წლის აპრილში, ”საქართველოში ღვინის ხარისხის სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშემწყობი ფონდის“ მიერ, რომელიც თავის მხრივ დაარსდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მეღვინეობის კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით, დაფუძნდა შპს ”ღვინის ლაბორატორია”. აღნიშნულ პროექტი განხორციელდა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GiZ) მხრიდან გაწეული მატერიაური და ფინანსური მხარდაჭერით.
GiZ პროექტის ფარგლებში, მკაცრი კონკურსით გზით შეირჩა ლაბორატორიის პერსონალი, რომელთაც ჩაუტარდათ სპეციალური ტრენინგები (2004-2006) ღვინის ლაბორატორიაში მუშაობის სპეციფიკის ასათვისებლად. ტრენინგები ასევე მოიცავდა ღვინის დეგუსტაციის კურსს, რომლის წარმატებით დასრულების საფუძველზე, აღნიშნული პირები გახდნენ, ამავე პროექტის მხარდაჭერით შექმნილი, საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან არსებული, სადეგუსტაციო კომისიის წევრები.
დაარსებიდან (2006) დღემდე, ლაბორატორია აკრედიტირებულია საქართველოს ეროვნული აკრედიტაციის ცენტრის (GAC) მიერ, სსტ ისო/იეკ 17025 სტანდარტით.
ღვინის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, 2012-2017 წლებში (როცა GAC-ს ჯერ არ ჰქონდა საერთაშორისო აღიარება), შპს „ღვინის ლაბორატორია“ აკრედიტირებული იყო ILAC-ის მიერ აღიარებული ორგანოს (ANSI-ASQ/ACLASS, აშშ) მხრიდანაც.
2014 წლიდან შპს „ღვინის ლაბორატორია“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაქვემდებარებაშია.
2022 წლის აპრილიდან, ლაბორატორიას მიენიჭა ყოფილი დირექტორის - ირმა ჭანტურიას სახელი, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვოდა თანამედროვე მეღვინეობის განვითარებაში. ამჟამად ლაბორატორია რეგისტრირებულია, როგორც „შპს ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორია“ და შესულია აღიარებული ორგანიზაციებისა და ლაბორატორიების ევროკავშირის ნუსხაში.
ლაბორატორიის ძირითადი ფუნქციაა ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელების ხარისხის კონტროლი (ლაბორატორიული ანალიზები და დეგუსტაცია) და ასევე მევენახეთა და ღვინის მწარმოებელთა მხარდაჭერა კონსულტაციებისა და ტრენინგების გზით.
ლაბორატორია დაკომპლექტებულია კომპეტენტური პერსონალით და აღჭურვილია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რაც ბაზრის მუდამ განახლებადი საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალებას იძლევა, კვლევის ახალი მეთოდების დანერგვის და უწყვეტი განვითარების კუთხით. აღსანიშნავია, რომ საგამოცდო სამუშაოებისას გამოიყენება, როგორც საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტულ მეთოდები (OIV, ISO და ა.შ.), ასევე ლაბორატორიაში შექმნილი ვალიდირებული მეთოდებიც.
„შპს ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორია“ მზად არის ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ პირთან და ორგანიზაციასთან.